Audit Company TMC
რა უნდა ვიცოდეთ მცირე და მიკრო ბიზნესის შესახებ?

თუ სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვას აპირებ,  პირველ რიგში, უნდა განსაზღვრო რა სამართლებრივი თუ საგადასახადო სტატუსი უნდა ჰქონდეს შენს საქმიანობას – მცირე ბიზნესის, მიკრო ბიზნესის, შპს და ა.შ.  და რა სხვაობაა მათ შორის? ამისთვის გავერკვეთ იურიდიულ სტატუსებსა და მათ მნიშვნელობებში. 

არსებობს რამდენიმე ტიპის იურიდიული სტატუსი: 

  • შპს
  • ინდივიდუალური მეწარმე
  • მცირე მეწარმე
  • მიკრო მეწარმე
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სხვა

ამ ბლოგში ყურადღებას მცირე და მიკრო ბიზნესზე გავამახვილებთ.

რას ნიშნავს მცირე და მიკრო ბიზნესი და რა განსხვავებაა მათ შორის?

იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობა თავიდანვე სწორად წარმართოთ, კანონთან შესაბამისობაში იყოს და არ დაგეკისროთ საურავები და ჯარიმები, გირჩევთ კვალიფიციური საბუღალტრო მომსახურებით ისარგებლოთ, თუმცა მანამდე გავარკვიოთ, რას ნიშნავს მცირე და მიკრო მეწარმის სტატუსი და რა სხვაობაა მათ შორის?

რას გულისხმობს მცირე და მიკრო ბიზნესი?

მიკრო და მცირე ბიზნესი ორივე საგადასახადო სტატუსია, რომელიც ენიჭება ფიზიკურ პირს თუ იგი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. 

მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური, შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები.

მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი პირობებით. 

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

მიკრო ბიზნესი – ვის შეიძლება მიენიჭოს მიკრო ბიზნესის სტატუსი?

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ჯამური ერთობლივი შემოსავალი, წლის განმავლობაში, არ აღემატება 30 ათას ლარს.  (ჯამური შემოსავალი არის  წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი გადასახადების გარეშე)

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს და  თავისუფლდებიან სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.

რა შემთხვევაში შეიცვლება მიკრო ბიზნესის სტატუსი?

თუ თქვენი საქმიანობიდან ჯამური ერთობლივი შემოსავალი, კალენდარული წლის განმავლობაში, აღემატება 30 000 ლარს ან/და თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთი აღემატება 45 000 ლარს, თქვენი საგადასახადო სტატუსი შეიცვლება იმის მიხედვით , რომლის პირობებსაც დააკმაყოფილებთ. 

მცირე ბიზნესი – ვის შეიძლება მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი?

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის  ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი, კალენდარული წლის განმავლობაში, არ აღემატება 500 000 ლარს;

მცირე მეწარმის შემოსავალი იბეგრება 1%-ით, ხოლო თუ 1 კალენდრული წლის განმავლობაში შემოსავალი გადააჭარბებს 500 000 ლარს,  შემოსავალი დაიბეგრება 3%-ით. 

რა უნდა გაითვალისწინოთ?

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს საქმიანობის ტიპები, რომლებსაც ეკრძალებათ მიკრო ან მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭება.

მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება ეკრძალება ისეთ საქმიანობებს რომლებიც:

  1. მოითხოვს ნებართვას ან ლიცენზიას 
  2. ახორციელებს სავალუტო ოპერაციებს
  3. ახორციელებს სამედიცინო, არქიტექტურულ, საადვოკატო, სანოტარო, აუდიტორულ, საკონსულტაციო საქმიანობას 
  4. ეწევა სათამაშო ბიზნესს
  5. ეწევა სავაჭრო საქმიანობას  (გარდა იმ შემთხვევისა, თუ  ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება)

მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება ეკრძალება ისეთ საქმიანობებს, რომლებიც 

  1. მოითხოვს ნებართვას ან ლიცენზიას 
  2. ახორციელებს სავალუტო ოპერაციებს
  3. ახორციელებს სამედიცინო, არქიტექტურულ, საადვოკატო, სანოტარო, აუდიტორულ, საკონსულტაციო საქმიანობას 
  4. ეწევა სათამაშო ბიზნეს
  5. აწარმოებს აქციზურ საქონლს 

როგორ უნდა მოვიქცეთ  მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად?

მიკრო ბიზნესისი სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა, მიმართოთ საგადასახადო ორგანოს ნებისმიერ სერვისცენტრს, სადაც დაგეხმარებიან შესაბამისი პროცედურის გავლაში.

მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად კი, ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ საჯარო რეესტრში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და ამის შემდეგ მიმართოთ საგადასახადო სერვისცენტრს, რომელიც მოგანიჭებთ თქვენი საქმიანობის შესაბამის სერტიფიკატს. 

საგადასახადო პროცესებთან გასამკლავებლად, გაიარე კონსულტაცია ბუღალტერთან  და ისარგებლე სპეციალური შეთავაზებებით თქვენი ბიზნესის მოცულობის შესაბამისად.